English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ გიორგი მიქელაძე მარიამ ოქრუაშვილი
ეკონომიკური განვითარების ასიმეტრია საქართველოში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია, საქართველოს ეკონომიკის განვითარების ასიმეტრია ტერიტორიულ ჭრილში, თვითმმართველი ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური პოლიტიკის დაფინანსების ძირითადი წყაროები: ბიუჯეტი, ცენტრალური ბიუჯეტის დახმარება და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის ფონდი. ძირითადი ეკონომიკური მახასიათებლების სტატისტიკური ანალიზის  საფუძველზე სტატიაში დასაბუთებულია, რომ საქართველოს რეგიონალურ დონეზე საზოგადოებრივი სიკეთის მოცულობა ძლიერ განსხვავებულია.

სტატიაში დადასტურებულია ჰიპოთეზის: „რეგიონული ასიმეტრიული განვითარების ზომა უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია ქვეყნის ტერიტორიული მასშტაბის ზრდასთან“ ვალიდურობა, 2019 წელს მსოფლიო ბანკის მიერ სიღარიბის მაჩვენებლებზე განხორციელებული კვლევის შედეგების და შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების საშუალო თვიური მნიშვნელობების ანალიზის საფუძველზე. სტატია მოიცავს რეკომენდაციებს კვლევის შემდგომი ეტაპისთვის შერჩევის ზომის სიმცირის გამო, გამოწვეული მაღალი ზღვრული ფარდობითი ცდომილების ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით განხორციელებულ მცდელობებზე, მცირე ზომის ტერიტორიული ერთეულების შეფასების (SAE) და დროითი მწკრივების ანალიზის მოდელების ემპირიული რეალიზაციის მეშვეობით.

საკვანძო სიტყვები: თანაბარი საზოგადოებრივი სიკეთე, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ასიმეტრია საქართველოში, ცხოვრების დონის სტატისტიკური მაჩვენებლები მცირე ტერიტორიულ ჭრილში.

JEL Codes: P 20, P 31, P 40, P 52

შესავალი

ნებისმიერი სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეები თანაბარი საზოგადოებრივი სიკეთით. ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოები დიდ წილად ახერხებენ მიაღწიონ სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულების თანაბარ განვითარებას, თუმცა, მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში შეინიშნება ეკონომიკური განვითარების ასიმეტრია. კერძოდ, ეკონომიკურად მეტად აქტიური და განვითარებული მხოლოდ დედაქალაქის მიმდინარე ტერიტორიული ერთეულებია და იშვიათ შემთხვევაში მას შესაძლოა დაემატოს ერთი ან რამდენიმე სხვა ტერიტორიული ერთეულიც.

საქართველო ამ მხრივ არ წარმოადგენს გამონაკლისს, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძლიერი ასიმეტრიიდან გამომდინარეობს. აღნიშნულ მოსაზრებას, ამყარებს ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების ძლიერ განხსვავებული მნიშვნელობები რეგიონების მიხედვით. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, კვლევის ფარგლებში, სასურველია შემოწმდეს ჰიპოთეზა: რეგიონული ასიმეტრიული განვითარების ზომა უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია ქვეყნის ტერიტორიულ მასშტაბის ზრდასთან. კერძოდ, იზრდება თუ არა ეკონომიკურ მდგომარეობას შორის სხვაობა, შედარებით მცირე ტერიტორიული ერთეულების ჭრილში.

საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მოიცავს მუნიციპალური განვითარების 2 პროგრამას: 1) ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტების ბიუჯეტისთვის დახმარების გაცემას, რაც ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს ეკონომიკური პოლიტიკის გატარების ერთ-ერთ მთავარ მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს (საქართველოს პარლამენტი, 2023) და 2) საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდის საქმიანობას, რომელიც ქვეყანაში მოქმედ მსოფლიოს ყველა მსხვილ საინვესტიციო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს.

ნაშრომის მიზანს წარმოადგენს შეფასდეს ქვეყნის შედარებით მცირე ტერიტორიული ერთეულების დონეზე არსებული მდგომარეობა შესაბამისი ემპირიული მონაცემების საფუძველზე, განისაზღვროს საჭირო სტატისტიკური მახასიათებლები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია სტატისტიკურად საიმედო ცხოვრების დონის მაჩვენებლების შეფასება. ნაშრომი მოიცავს რეგიონალური ეკონომიკური პოლიტიკის, მისი ეფექტურობისა და მუნიციპალური განვითარების პროგრამის საჭიროების შეფასებას. 

ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის ასიმეტრია საქართველოში

საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის, კერძოდ კავკასიის გზაჯვარედინზე. დასავლეთიდან ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, სამხრეთით - სომხეთი და თურქეთი. საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საზღვრების სიგრძეა: სომხეთი - 164 კმ, აზერბაიჯანი - 322 კმ, რუსეთი - 723 კმ, თურქეთი - 252 კმ. საქართველოს ფართობი 69,700 კვადრატული კილომეტრია. ტერიტორიის მაქსიმალური სიგრძეა 613 კმ ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. მერიდიანის ჩრდილოეთ და სამხრეთ წერტილებს შორის მანძილი 275 კმ-ია. საქართველო შედგება თბილისის, 9 რეგიონის, ორი ავტონომიური რესპუბლიკის, 69 მუნიციპალიტეტისა და დედაქალაქის 11 რაიონისგან.

საქართველოს მოსახლეობა 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 3,688,647 ადამიანს შეადგენს. მონაცემები არ მოიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებს. მოსახლეობის განაწილება რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. თბილისის რეგიონში 1,201,769-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის მესამედს, 33%-ს შეადგენს, ხოლო ყველაზე ნაკლები მოსახლეობა მაღალმთიან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ცხოვრობს, 27,616 ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 0.7 პროცენტი).

ქვეყნის რეგიონები ძლიერ განსხვავდება ეკონომიკური მდგომარეობით. 2021 წელს მთლიანი შიგა პროდუქტის მაქსიმალური მნიშვნელობა მიმდინარე ფასებში ერთ სულზე წარმოადგენს 21,866 ლარს თბილისში, რომელიც 1.5 ჯერ აღემატება ქვეყნის, ხოლო 2.6 ჯერ ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე რეგიონის საშუალო მნიშვნელობას.

ცხრილი 1: მთლიანი შიგა პროდუქტი მიმდინარე ფასებში ერთ სულზე 2021 წელს, წყარო: ავტორის გაანგარიშება.

 

2021 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი თბილისის რეგიონში 13.9%-ს შეადგენს, რაც 0.8 - ჯერ ნაკლებია ქვეყნის, ხოლო 0.4 - ჯერ ყველაზე მაღალი მნიშვნელობის მქონე რეგიონის შესაბამის მაჩვენებელზე (Mikeladze, Okruashvili, 2023).

ცხრილი 2: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, 2021 წელი, წყარო: საქართველოს

სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

 

კერძო შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების საშუალო თვიური მნიშვნელობები გაანგარიშებული ერთ შინამეურნეობაზე და ერთ სულზე მნიშვნელოვნად არ განსხვავდება რეგიონების მიხედვით, თუმცა, მაჩვენებლის საშუალო მნიშვნელობებს შორის სხვაობა მკვეთრად იზრდება ტერიტორიული მასშტაბის ზრდის პირობებში. კერძოდ, სხვაობა მნიშვნელოვნად განსხვავებულია მუნიციპალურ/რაიონულ დონეზე გაანგარიშებულ მაჩვენებლებს შორის. აღსანიშნავია, რომ შედარებით მცირე ზომის ტერიტორიული ერთეულის ჭრილში შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების შერჩევითი გამოკვლევიდან გაანგარიშებული მაჩვენებლები, შერჩევის ზომის სიმცირის გამო, ხასიათდება ზღვრული ფარდობითი ცდომილების მაღალი მნიშვნელობით, რომელიც მერყეობს 4% - 65% ინტერვალში (მიქელაძე, 2022).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების შერჩევითი გამოკვლევის ძირითადი მაჩვენებლების სტანდარტული გადახრის, ნდობის ინტერვალის და ზღვრული ფარდობითი ცდომილების შესაბამისი გაანგარიშება მუნიციპალურ/რაიონულ ჭრილში ეფუძნება კომპლექსური გამოკვლევის სტანდარტული შეცდომის გამოსათვლელი ფორმულის მოდიფიცირებულ ვარიანტს კლასტერული შერჩევის დიზაინ ეფექტის და სტატისტიკური წონების სტრატებში კორექტირების გათვალისწინებით (Lohr, 2021):

                                                                                                                                                                   (1)

სადაც  - წარმოადგენს სტანდარტულ შეცდომას სტრატიფიცირებული შერჩევის პირობებში, H - სტრატების რაოდენობას,  - h სტრატაში გამოკითხული ელემენტების რაოდენობას,  – ამავე h სტრატის ზომას (h სტრატის ყველა ელემენტის ჯამი), N - შერჩეული ელემენტების რაოდენობა, კლასტერული შემთხვევითი შერჩევის დროს დიზაინ ეფექტი, ხოლო - წონების სტრატიფიცირებული შესწორების დიზაინ ეფექტი.

მცირე ტერიტორიულ ჭრილში მოსახლეობის განსხვავებულ სოციალურ მდგომარეობაზე მიუთითებს მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული გამოკვლევაც. 2019 წელს მსოფლიო ბანკის ინიციატივით განხორციელდა მუნიციპლიტეტების მიხედვით სიღარიბის მაჩვენებლების მნიშვნელობების შეფასება, SAE-ს მეთოდის გამოყენებით. კვლევის ფარგლებში, საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის და შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე, განხორციელდა სტატისტიკური დაკვირვების ერთეულის დონეზე არსებული ელბერსის, ლენჯოუს და ლენჯოუს (ELL) და სტატისტიკური დაკვირვების აგრეგირებული ერთეულის (ძირითადად დასახლების) დონეზე არსებული ფეი ჰერიოტის (FH) მოდელების ემპირიული რეალიზაცია. მსოფლიო ბანკმა სტატისტიკური მახასიათებლების მიხედვით უპირატესობა მიენიჭა ELL მოდელის შედეგებს (Nozaki, Cancho, Fuchs,2019). ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი სტატისტიკური განსხვავება სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილის მაჩვენებლებს შორის.

 

საქართველოში მოქმედი მუნიციპალური განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა

სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამა მუნიციპალიტეტების განვითარებაში:  ყველა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი.  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია: კანონით განსაზღვრული საკუთარი შემოსულობებით და ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის გადასახდელების გაწევის დამოუკიდებლად განსაზღვრით, აგრეთვე, დელეგირებული უფლებამოსილებათა კანონით განსაზღვრული დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებებს არა აქვთ უფლება, ჩაერიონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებებში (საქართველოს პარლამენტი, 2023).

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გამოთანაბრების უზრუნველსაყოფად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა ფინანსური დახმარება.

ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით გადაეცემა გამოთანაბრებითი ტრანსფერი.

გამოთანაბრებითი ტრანსფერის გამოყენების მიმართულებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გადასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერის მოცულობა განისაზღვრება ფორმულით (საქართველოს პარლამენტი, 2023):

Ti=(E-R)*K                                                                               (2)

სადაც:

– Ti არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გამოსაყოფი გამოთანაბრებითი ტრანსფერი;

– E არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი;

– R არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები (გრანტების გარდა);

– K არის მხარდაჭერის კოეფიციენტი.

ამასთან, E – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი გამოითვლება ფორმულით (საქართველოს პარლამენტი, 2023):

 E=∑ Cn*Pn ანუ C1*P1+C2*P2+C3*P3+C4*P4+C5*P5+C6*P6                            (3)

სადაც:

– Cn ანუ C1, C2, C3, C4, C5, C6 არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სტატისტიკური მაჩვენებლები (მოსახლეობა, 0-დან 6 წლამდე ბავშვები, ფართობი, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობა, დედაქალაქის სტატუსი, ადგილობრივი მნიშვნელობის გზები);

– Pn ანუ P1, P2, P3, P4, P5, P6 არის გამოთანაბრებითი კოეფიციენტები, რომლებიც წარმოადგენენ ურთიერთკავშირს გადასახდელის თითოეულ კატეგორიასა და სტატისტიკურ მაჩვენებლებს შორის. გამოთანაბრებითი კოეფიციენტების ოდენობები გაიანგარიშება რეგრესული ანალიზის მეშვეობით და ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის უცვლელია.

R არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები (გრანტების გარდა), რომლებიც ცალკეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გაიანგარიშება მიმდინარე წლის პროგნოზისა და გასული 3 წლის ფაქტობრივი მაჩვენებლების ტენდენციის მიხედვით.

K – მხარდაჭერის კოეფიციენტის ქვედა ზღვარი შეადგენს 60%-ს.

საერთაშორისო დონორების მხარდაჭერა: საქართველოში 1997 წელს დაფუძნდა საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდი, რომელიც ქვეყანაში მოქმედ მსოფლიოს ყველა მსხვილ საინვესტიციო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. აღნიშნული ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაში ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სხვა (საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, 2023).

გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტებში მმართველობის, პოლიტიკისა და სერვისების გაუმჯობესებას. ამჟამად საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ხელშეწყობით იმართება პროექტები, რომლებიც ხელს უწყობენ ამავე მუნიციპალიტეტებში ურბანული გარდაქმნების ხელშეწყობას, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, საზოგადოებრივი სივრცეების რეაბილიტაციასა და მოწყობას, სკოლამდელი განათლების გაუმჯობესებასა და ხარისხიანი მუნიციპალური სერვისების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელიც მხარს უჭერენ ადგილობრივ პროექტებს, რომლებიც მიზანმიმართულია ადამიანების საჭიროებებსა და მოლოდინებზე, რაც, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს შეიქმნას თანასწორი გარემო. სწორედ რეგიონებს შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის მინიმიზაცია და აღმოფხვრა უზრუნველყოფს ინტეგრირებულ ტერიტორიულ განვითარებას, რაც განაპირობებს არა მარტო თანასწორი გარემოს შექმნას, არამედ ცალკეული ინდივიდის კეთილდღეობის ამაღლებას (UNDP, საქართველო, 2023).

დასკვნები და რეკომენდაციები

საქართველოს რეგიონალურ დონეზე ეკონომიკური განვითარების დონე მეტად განსხვავებულია, რასაც ადასტურებს შემდეგი ფაქტები: 1) სტატისტიკური მახასიათებლების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ რეგიონალურ დონეზე ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელობები ძლიერ განსხვავებულია და შეინიშნება საზოგადოებრივი სიკეთის კონცენტრირება ქვეყნის ერთ ტერიტორიაზე, 2) ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოების ბიუჯეტი საკმაოდ მწირია, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, დედაქალაქში მცხოვრები მოსახლეობის წილი ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში ერთ მესამედს შეადგენს. აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე სხვა ტერიტორიული ერთეულები ხასიათდებიან მცირე ეკონომიკური აქტივობით. მუნიციპალიტეტების ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მოქმედებს: ა) სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსურ დახმარებას ცენტრალური ბიუჯეტიდან და ბ) საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდი, რომელიც ქვეყანაში მოქმედ მსოფლიოს ყველა მსხვილ საინვესტიციო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაში ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ჰიპოთეზა: „რეგიონული ასიმეტრიული განვითარების ზომა უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია ქვეყნის ტერიტორიული მასშტაბის ზრდასთან“ დასტურდება შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების საშუალო თვიური მნიშვნელობების ანალიზის საფუძველზე, შედარებით მცირე ტერიტორიული ერთეულის ჭრილში, თუმცა, აღსანიშნავია ფაქტი, რომ მცირე ტერიტორიულ ჭრილში ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლების ზღვრული ფარდობითი ცდომილების მნიშვნელობები, რომლებიც ეფუძნება კომპლექსური გამოკვლევის სტანდარტული შეცდომის გამოსათვლელი ფორმულის მოდიფიცირებას კლასტერული შერჩევის დიზაინ ეფექტის და სტატისტიკური წონების სტრატებში კორექტირების გათვალისწინებას, შერჩევის ზომის სიმცირის გამო ხასიათდებიან შედარებით მაღალი მნიშვნელობით. აღნიშნული ნაკლოვანების დასაძლევად სასურველია განხორციელდეს მცდელობა 1) ფეი-ჰერიოტის (FH) (Fay, Herriot, 1979); 2) ელბერსის, ლენჯოუს და ლენჯოუს (ELL) (Elbers, Lanjouw, Lanjouw, 2003) და 3) დროითი მწკრივების ანალიზის მოდელების და მეთოდების გამოყენებით. ასევე, მცირე ტერიტორიულ ჭრილში მოსახლეობის განსხვავებულ სოციალურ მდგომარეობაზე მიუთითებს მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული გამოკვლევა. აღნიშნული გამოკვლევის ფარგლებში შეფასდა სიღარიბის მაჩვენებლები Small area estimations-ს სტატისტიკური დაკვირვების ერთეულის დონეზე არსებული ელბერსის, ლენჯოუს და ლენჯოუს (ELL) მოდელისა და სტატისტიკური დაკვირვების აგრეგირებული ერთეულის (ძირითადად დასახლების) დონეზე არსებული ფეი ჰერიოტის (FH) მოდელის გამოყენებით მცირე ტერიტორიულ ერთეულებში. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი სტატისტიკური განსხვავება სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილის მაჩვენებლებს შორის.

გამოყენებული ლიტერატურა

მიქელაძე, გ. (2022). საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების ეკონომეტრიკულ-სტატისტიკური მოდელირების შესაძლებლობები მცირე ზომის ერთეულების მიხედვით. ჟურნალი „ეკონომისტი“ (N3. გვ. 16-45).

Elbers, C., Lanjouw, J. O., & Lanjouw, P. (2003). Micro-level estimation of poverty and inequality. Econometrica, 71(1), 355-364.

Fay III, R. E., & Herriot, R. A. (1979). Estimates of income for small places: an application of James-Stein procedures to census data. Journal of the American Statistical Association, 74(366a), 269-277.

Lohr, S. L. (2021). Sampling: design and analysis. CRC press.

Mikeladze, G., Okruashvili M., (2023). The Role of Municipal Statistics in Georgia. Proceedings of The 7th International Conference on Research in Management and Economics.

Nozaki N. K., Cancho C. A & Fuchs A (2019). Poverty Mapping in Georgia. Poverty and Equity Global Practice, The World Bank.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მეთოდოლოგია, ხელმისაწვდომია ელ-მისამართზე: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/552/methodologia-sotsialuri-statistika  (ვებ-გვერდი ბოლოს ნანახია 26 აპრილს 2023).

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ცხოვრების დონის სტატისტიკა, ხელმისაწვდომია ელ-მისამართზე: https://www.geostat.ge/en/modules/categories/48/standard-of-living (ვებ-გვერდი ბოლოს ნანახია 26 აპრილს 2023).

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ეროვნული ანგარიშები, ხელმისაწვდომია ელ-მისამართზე: https://www.geostat.ge/en/modules/categories/22/national-accounts   (ვებ-გვერდი ბოლოს ნანახია 26 აპრილს 2023).

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მოსახლეობა და დემოგრაფია, ხელმისაწვდომია ელ-მისამართზე: https://www.geostat.ge/en/modules/categories/316/population-and-demography (ვებ-გვერდი ბოლოს ნანახია 26 აპრილს 2023).

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის ელექტრონული ბაზები, ხელმისაწვდომია ელ-მისამართზე: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/128/2009-2016-tslebis-shinameurneobebis-integrirebuli-gamokvlevis-da-2017-tslis-shinameurneobebis-shemosavlebisa-da-kharjebis-kvlevis-monatsemta-bazebi  (ვებ-გვერდი ბოლოს ნანახია 26 აპრილს 2023).

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ინფორმაცია ფონდის შესახებ, ხელმისაწვდომია ელ-მისამართზე: http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=fund/about/  (ვებ-გვერდი ბოლოს ნანახია 26 აპრილს 2023).

UNDP საქართველო, მმართველობის, პოლიტიკისა და სერვისების გაუმჯობესება საქართველოს რეგიონებში, ხელმისაწვდომია ელ-მისამართზე: https://www.undp.org/ka/georgia/press-releases/integrated-territorial-development (ვებ-გვერდი ბოლოს ნანახია 26 აპრილს 2023).

საქართველოს პარლამენტი, კანონი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ, ხელმისაწვდომია ელ-მისამართზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/26332?publication=5 (ვებ-გვერდი ბოლოს ნანახია 26 აპრილს 2023).